კარიერაკარიერა ხშირი კითხვებიხშირი კითხვები

პაციენტებისათვის » სიხარულის ჰორმონები

არასასიამოვნო მომენტები ცხოვრებაში ყველას გვქონია. ამ დროს განწყობაც გვიფუჭდება. თუმცა განწყობა შესაძლოა უმიზეზოდაც წაგვიხდეს. ხშირია ასეთი რამ გაზაფხულობით, ასევე - გარდატეხის ასაკში... როგორ მოვერიოთ უგუნებობას? როგორ დავეხმაროთ შვილებს ასაკობრივი სირთულეების დაძლევაში? ამის შესახებ მანანა უბილავა გვესაუბრება.


- ოპტიმიზმის საფუძველი ჩვენსავე ორგანიზმშია. ენდოკრინული სისტემის დახმარებით ჩვენ საკუთარი თავის დახმარება და განწყობის მოდელირება შეგვიძლია. კარგი განწყობის განმაპირობებელი ჰორმონები მოქმედებენ თავის ტვინის ქერქზე და პასუხს აგებენ ფსიქოემოციურ კომფორტზე. სისხლში მოხვედრის შემდეგ ისინი იწვევენ გაუტკივარებას, ბედნიერების შეგრძნებას, სიმსუბუქეს, კმაყოფილებას. ერთი სიტყვით, ეს მორფინის მსგავსი ნივთიერებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სტრესის მოხსნაში.


- რომელია ეს ჰორმონები?
- არსებობს რამდენიმე ჰორმონი, რომლებსაც ენდორფინების ფუნქცია აქვთ. ყოველი ადამიანისთვის იგი სხვადასხვაა. თქვენ თვითონ უნდა განსაზღვროთ, რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ჩამონათვალიდან: ენდორფინები - ბედნიერებისა და სიხარულის ჰორმონების ჯგუფია. სისხლში მათი დონის აწევა შესაძლებელია, თუ ორგანიზმს ფიზიკურად დავტვირთავთ, მაგალითად, სპორტით, ვარჯიშით. იმ ადამიანების 85%-მა, ვინც რეგულარულად დადიან საცურაო აუზზე ან სპორტდარბაზში, არ იციან, რა არის დეპრესია. სისხლში ენდორფინების შემცველობა იზრდება სიცილის დროს. გასაოცარია, მაგრამ ხელოვნური ღიმილიც კი ზრდის ამ ჰორმონის რაოდენობას, ხოლო დღესასწაულების შემდეგ კარგი გუნება-განწყობილების წყალობით ორგანიზმი ორი დღით შეუვალი ხდება ვირუსებისთვის. არსებობს საპირისპირო სიტუაციაც, როდესაც უგნებობა და დეპრესია ასუსტებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს ადვილად ერევა ვირუსები. ოქსიტოცინი - სინაზისა და ნდობის ჰორმონი. წარმოიქმნება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას. ამიტომ არის, რომ შეყვარებული გრძნობს სიმსუბუქეს, თითქოს დაფრინავს და თავი ყოვლისშემძლე ჰგონია. სეროტონინი - ტონუსის, ოპტიმიზმის, კარგი განწყობის ჰორმონი. მას მყისიერად გამოყოფს ორგანიზმი, როგორც კი მიირთმევთ შოკოლადს, ნაყინს, ბანანს, ფინიკს, მსხალს, კარალიოკს და სხვა საკვებს, რომელიც შეიცავს ამინმჟავა ტრიპტოფანს. მათ, ვისაც უყვართ ეს პროდუქტები, გაცილებით იშვიათად აწუხებთ უძილობა, უგუნებობა, დეპრესია და ნევროზი. დოფამინი - კმაყოფილებისა და სურვილის ჰორმონი. მისი წყალობით ადამიანს უწევს სასიცოცხლო ტონუსი, უბრწყინავს თვალები, ემატება მიზანსწრაფვა. ტესტოსტერონი, ესტროგენი - მამაკაცისა და ქალის ჰორმონები. მათ იძლევა სიყვარული, სექსი, კარგი ეროტიკული განცდები. ესტროგენების სიჭარბე განაპირობებს ქალურობასა და მიმზიდველობას, მომხიბვლელობას, ტერტოსტერონისა - სექსუალობასა და აზარტულობას.


- როგორ დავაღწიოთ თავი დეპრესიას?
- სიტუაცია თვითონვე უნდა ვმართოთ. კონცენტრირებული, მიზანმიმართული სუნთქვა და სხეულის ყოველი უჯრედის ჟანგბადით გაჯერება საშუალებას გვაძლევს, ყურადღება გადავიტანოთ უსიამოვნო აზრებიდან და ჩავრთოთ თვითგანკურნების მექანიზმი. ეს რთული არ არის: ამოისუნთქეთ პირით, მუცელი შეკუმშეთ, შემდეგ სწრაფად ჩაისუნთქეთ ცხვირით და მუცელი გამობერეთ, შემდეგ ისევ ძლიერად ამოისუნთქეთ პირით, გაითავისუფლეთ ფილტვები ჰაერისგან და შეკუმშეთ მუცელი. ამის შემდეგ სუნთქვა 8 წამით შეიკავეთ, მოეშვით და ჩაისუნთქეთ. ეს სუნთქვითი ვარჯიში შეასრულეთ, როდესაც დაიღლებით ან გუნება გაგიფუჭდებათ. ვარჯიშის შესრულებისას შეიძლება სიარული. დაგეხმარებათ ასეთი სავარჯიშოც: აიჩეჩეთ მხრები, ღრმად ჩაისუნთქეთ, თავი მხრებში ჩამალეთ, შეიკავეთ სუნთქვა, სადამდეც შეგიძლიათ და მერე მკვეთრად ამოისუნთქეთ. თანამედროვე ცხოვრების რიტმი და დატვირთვა არა მხოლოდ უფროსებისთვის, ბავშვებისთვისაც სტრესულია და დამთრგუნველი. თუ გუნება პირდაპირ სამუშაოზე ან მეცადინეობის დროს წაგიხდათ, თავი მიანებეთ ყოველივეს და შეასრულეთ ეს ვარჯიშები - სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნებას მოგიხსნით:

  • გაიღიმეთ, შეაჩერეთ ღიმილი სახეზე 5 წამით და შემდეგ მოეშვით.
  • დაიბღვირეთ - 5 წმ, ფართოდ გაახილეთ თვალები და დაახამხამეთ - 5 წმ.
  • მზერა პირდაპირ მიმართეთ და შეაჩერეთ - 5 წმ.
  • მარჯვენა ხელისგულით მოისრისეთ კისერი მარჯვენა მხარეს 5 წამის განმავლობაში, შემდეგ მარცხენა ხელით - მარცხენა მხარეს.
  • თითებგაშლილი ხელი მიიდეთ შუბლზე და დაიზილეთ 5-5 წრიული მოძრაობით ჯერ საათის ისრის, მერე - საწინააღმდეგო მიმართულებით.
  • დადექით ფეხზე, მხრებში გაიშალეთ, ღრმად ჩისუნთქეთ, მშვიდად ამოისუნთქეთ, თავი მაღლა ასწიეთ, დაჭიმეთ ნიკაპი და შეუდექით საქმიანობას.


- ამბობენ, რომ განწყობის გამოკეთება საკვებსაც შეუძლია...
- ზოგიერთი საკვები უდავოდ გვახალისებს, თუმცა მათი შერჩევა არც ისე იოლია. სუფრის, ინტერიერის ფერადოვნებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ხალისიანი, მკვეთრი ფერები გა­ნწყობას ამაღლებს. შეგიძლიათ, ექსპერიმენტიც ჩაატაროთ - უგუნებობისას კვირის ყოველი დღე სხვადასხვა ფერად “შეღებეთ” - ჩაიცვით ამ ფერის ტანსაცმელი, მიირთვით ამავე ფერის საკვები... ხალისის მომგვრელია მაყვალი, ბანანი და შოკოლადი, ზღვის პროდუქტები, მათ შორის - ზღვის კომბოსტო, ასევე - მწვანე ბოსტნეული, კაკაო, რძემჟავა პროდუქტები, თხილი, კაკალი, პარკოსნები, მარცვლეული.


- საკვები, გარემო, სეზონური ცვლილებები უდავოდ ახდენს გავლენას განწყობაზე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი...
- ადამიანი, რომელიც ცხოვრებას  ოპტიმისტურად უყურებს, უფრო ნაკლებად იტანჯება, ვიდრე პესიმისტი, თუნდაც ორივეს ერთნაირი უსიამოვნება შეემთხვეს. ბედნიერი ადამიანის მთავარი პრინციპია, არასოდეს არაფერი ინანოს. არ არის საჭირო უსასრულოდ იმაზე ფიქრი, რაც თავის დროზე გააკეთეთ ან ვერ გააკეთეთ. მუდამ უნდა გახსოვდეთ, რომ წინ გელით უამრავი ახალი პერსპექტივა. ისწავლეთ ტკბობა ყოველი წამით. ცხოვრება ის არის, რაც ახლა ხდება, ამიტომ გაუღიმეთ მას და საყვარელ ადამიანებს, საკუთარ თავს. უფლის მადლიერი იყავით, რომ არსებობთ და ხართ ჯანმრთელი, გაქვთ სახლი და პური არსობისა, რომ ვიღაცას სჭირდებით. დაეხმარეთ იმას, ვისაც თქვენი და­ხმარება სჭირდება. ისწავლეთ უარის თქმა, როცა დახმარება არ შეგიძლიათ. თუ ძალ-ღონე გამოგელიათ, ნუ მოგერიდებათ, დახმარება სთხოვოთ მეგობრებსა თუ ახლობლებს. თუ რამე არ გამოგდით, დაიხსომეთ: ცხოვრება მრავალფეროვანია და კიდევ მოგეცემათ შანსი. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, აღიარეთ დანაშაული თუ შეცდომა, ეს გაგიადვილებთ ურთიერთობას სხვებთან და დაგარწმუნებთ საკუთარ შესაძლებლობებში. იფიქრეთ იმაზე, რომ შესაძლოა, სხვას უფრო მეტად სჭირდებოდეს დახმარება და უფრო სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდეს, ვიდრე თქვენ. გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო ეპიზოდები. რაც მთავარია, გახსოვდეთ: თქვენი ჰორმონები მუდამ თქვენთან არიან. მათი დახმარებით სევდას იოლად დაამარცხებთ.

 

 

მთავარი  -   ჩვენ შესახებ  -   ჩვენი კლინიკები  -   მედია ცენტრი  -   პაციენტებისათვის   -   კონტაქტი  
Facebook
© 2011 - 2024 "არქიმედეს კლინიკა" - ყველა უფლება დაცულია
Artmedia